ევროპული პერსპექტივის მონიჭება წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარებაა - ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგი გამართა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანაევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა ავსტრიის კანცლერს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიეთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელვანი პერიოდია, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება კი შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს.

„ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.