დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო.
ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიაზე მიხაელ რუპმა განაცხადა. ის ევროკომისიის წარმომადგენელია. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადება მმართველი პარტიის დეპუტატმა, რატი იონათამაშვილმა შეაფასა.
რატი იონათამიშვილის თქმით, არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის, ეს ევროკავშირმა დაადასტურა.
„ფაქტობრივად, ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის და ზოგადად მსგავსი პრეცედენტების შექმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.