ბოჭორიშვილი: 2023 წელს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მომზადდება გაფართოების ანგარიში, რომლის ნაწილიც იქნება საქართველო

პუბლიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო.

ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიაზე მიხაელ რუპმა განაცხადა. ის ევროკომისიის წარმომადგენელია. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადება მმართველი პარტიის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა.

„შეუძლებელია რეკომენდაციები შესრულდეს სრულყოფილად ერთ თვეში ან რამდენიმე კვირაში, ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ პროგრესი. 2023 წელს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მომზადდება გაფართოების ანგარიში, რომლის ნაწილიც იქნება საქართველო, გამომდინარე იქიდან, რომ ივნისის გადაწყვეტილებით საქართველო გახდა გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს საკითხი განიხილება თუ არა წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს მიერ ეს თავად მათი გადასაწყვეტია და ნამდვილად არ არის მიბმული იმ ანგარიშზე, რომელიც 2023 წელს მომზადდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.