ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული პერსპექტივის შესახებ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გაგზავნილ შეკითხვას – „თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?“ – ელჩა ასე უპასუხა:
„ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციისქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.
რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის.
კარლ ჰარცელს ასევე გაუგზავნეს შეკითხვა – „უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად?“- რაზეც ელჩმა განაცხადა:
„მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს.
სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის“