კორონავირუსის ეპიდაფეთქების პანდემიად (როდესაც ეპიდემია ერთდროულად მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს) გადაქცევის რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის პარალელურად ჩინეთი შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვას შედარებით ამცირებს მას შემდეგ, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
სამხრეთ კორეაში ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა ქვეყანაში ინფიცირების 162 ახალი და ვირუსით გარდაცვალების 6 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, იზოლაციის საგანგებო ზომები მიიღო სიდიდით მეოთხე ქალაქ დეგუში. ავიაკომპანიებმა „Asiana“-მ და „Korean Air“-მა მომავალ თვემდე ქალაქში დროებით შეწყვიტეს ფრენა.
დღეის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 763 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით გარდაცვალების – 6.
იტალიაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე მესამე ადამიანი, რომელსაც გრიპის მაგვარი დაავადება სჭირდა, გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები კი პარასკევიდან მოყოლებული 3-დან 152-მდე გაიზარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს ჩრდილოეთის ქალაქები და აკრძალეს საჯარო შეკრებები. კორონავირუსის ეპიდაფეთქების საფრთხის გამო შეჩერდა ვენეციის კარნავალი, რომლის ფარგლებშიც ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირების 152-მდე შემთხვევიდან 89 ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა, რომელშიც ქალაქი მილანიც შედის. ამ მაჩვენებლით ლომბარდია ეპიდაფეთქების ყველაზე დიდი ცენტრია აზიის გარეთ.
„გაოცებული ვარ ინფიცირების შემთხვევების უცაბედი აფეთქებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. – „ყველაფერს გავაკეთებთ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“.
ლომბარდიის რეგიონის დაახლოებით 10-მდე ქალაქი, რომლებშიც 50 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, კარანტინში მოექცა.
ევროკავშირის წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ იტალიას, ვირუსის გავრცელების შეჩერების საქმეში და იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას. „ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო, თუმცა პანიკის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ევროკავშირის ეკონომიკურ საქმეთა კომისარმა, პაოლო გენტილონიმ.
უახლესი მონაცემებით, იტალიაში ვირუსით ინფიცირების 152, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
ირანში, სადაც ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასულ ოთხშაბათს დაფიქსირდა, აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. ვირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი. შემთხვევების უმეტესობა შიიტურ წმინდა ქალაქში, კომში დაფიქსირდა.
ირანში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა. არჩევნებში მხოლოდ 42% მონაწილეობდა, რაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი კორონავირუსის ირგვლივ ატეხილი პანიკის შედეგია.
ახლო აღმოსავლეთში ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ბაჰრეინის, ქუვეითისა და ავღანეთის ტერიტორიებზეც.
ირანს მოგზაურობასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაუწესეს: საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, ერაყმა, თურქეთმა, პაკისტანმა, ავღანეთმა, სომხეთმა და საქართველომ.
რა ხდება ჩინეთში?
კონტინენტურ ჩინეთში, სადაც გასული წლის მიწურულს პირველი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, 20-ზე მეტ პროვინციაში ვირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ეპიდაფეთქების დაწყების შემდეგ.
ჰუბეის პროვინციის გარდა, კონტინენტურ ჩინეთში მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უპრეცედენტოდ დაბალი რიცხვია.
მთლიანობაში ჩინეთში ინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღესთან შედარებით(648) დაბალი მაჩვენებელია.
მთლიანად 23 თებერვლის ჩათვლით ინფიცირებულთა რაოდენობა 77 150-ს უტოლდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი გარდაცვალების 150 ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, 2 592-მდე გაიზარდა.
კონტინენტური ჩინეთის გარეთ, Reuters-ის დათვლით კორონავირუსი 29 ქვეყანასა და ტერიტორიაზე გავრცელდა, გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევით.
წყარო: Reuters