ჩხიკვაძე: მეტი ვადის მოცემის პარალელურად შეფასება იქნება უფრო სიღრმისეული და მკაცრი

პუბლიკა

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვანო ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა.

ცნობილია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. თავდაპირველად რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის მომზადებას ევროკომისია 2022 წლის ბოლოს გეგმავდა.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, სავარაუდოდ, 2023 წელს საქართველოს შეფასება ევროკავშირის გაფართოების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდება. ესენი არიან: ბალკანეთის ქვეყნები, თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა. მისი თქმით, თუ კიდევ არ შეიცვალა რამე, ეს შეფასება, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე მომზადდება, როცა ევროკავშირი დეტალურ ანგარიშს დადებს იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპზე არიან ქვეყნები, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ჩხიკვაძის თქმით, ანგარიშის მომზადების ვადებთან დაკავშირებული ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი 2023 წლის შემოდგომამდე საქართველოს შესახებ ანგარიშებს არ მოამზადებს. მისი თქმით, ინტერესი და ყურადღება საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან დიდია.

„მომავალ კვირას საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, აგვისტოს ბოლოს ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური დადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას და ამაში მათ შორის შედის ისეთი საკითხები, რომლებიც 12 პუნქტშია შესული – მაგალითად, მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. ამას მოჰყვება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ევროპარლამენტის შეფასება იმაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში. ვადის გადაწევა არ ნიშნავს, რომ მომავალი წლის ოქტომბრამდე ევროკავშირიდან ანგარიშებს და შეფასებას არ უნდა ველოდოთ“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, ვადის გადაწევა მათ შორის ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ჩვენს პროგრესსა და რეკომენდაციების შესრულების ხარისხის მომავალ წელს უფრო მკაცრად შეაფასებს.

„მე მგონია, რომ ევროკავშირში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება იმას, რომ ეს მოცემული პერიოდი არ იყოს სრულყოფილი, სიღრმისეული რეფორმებისთვის საკმარისი. უფრო მეტი ვადის მოცემის პარალელურად შეფასება იქნება უფრო სიღრმისეული და მკაცრი“, – ამბობს ჩხიკვაძე.

რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანი საოპერაციო დოკუმენტის არსებობაა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი თითოეული პუნქტის ქვეშ რა იგულისხმება.

„12 პუნქტი, სამწუხაროდ, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესს თან ახლდეს ოპერაციული დოკუმენტი, იმაზე, თუ რა იგულისხმება და რა ნაბიჯების გადადგმა იგულისხმება ამ პუნქტების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული თითოეული პუნქტის ქვეშ რა იგულისხმება, რომ ყველამ თავისი კუთხიდან არ დაინახოს. რაც შეიძლება ზუსტად იყოს განმარტებული ეს ყველაფერი. სამოქალაქო საზოგადოებას გვაქვს ხედვა, რა უნდა გაკეთდეს და ამ ხედვას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა იმავე ევროკავშირის მხრიდან“ , -ამბობს ჩხიკვაძე.

საოპერაციო დოკუმენტის შექმნაზე ვანო ჩხიკვაძე ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგაც საუბრობდა. ის ფიქრობს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საგზაო რუკა ფართო კონსენსუსით უნდა შეიქმნას, სადაც გაწერილი იქნება შესაბამისი ვადები და კონკრეტული ნაბიჯები. ეს დოკუმენტი უნდა წარვუდგინოთ ევროკავშირს.  მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ბოლოს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოს გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი და არაადეკვატური იყო. ასეთი დოკუმენტის შექმნა კი ამ შედეგისგან ქვეყანას დააზღვევდა.

ჩხიკვაძის თქმით, ხელისუფლების გეგმაში სამუშაო ჯგუფების შექმნის გეგმა სწორია, მაგრამ თუ ეს ჯგუფები შინაარსით არ იქნება გაჯერებული შედეგი არ დადგება.

„სამოქალაქო სექტორს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ჩვენეული ხედვა უკვე გვაქვს. ბუნებრივია, კარგი იქნება, რომ ამაზე დისკუსია შედგეს. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს, ეს მიმართულება სწორია, მაგრამ მარტო სამუშაო ჯგუფების შექმნა საკმარისი არ იქნება, თუ შინაარსით არ იქნება გაჯერებული. ამ ქვეყანაში არაერთი სამუშაო ჯგუფი გვინახავს შექმნილი და ისე დაუსრულებიათ მუშაობა, რომ შედეგი არ გვინახავს“, – ამბობს ჩხიკვაძე.