„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვა ანგარიში, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.
„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დღეს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ჩხიკვაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს,რომ რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.
მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს.
28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს, ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე გაემგზავრა.
ამერიკის საელჩომ თემასთან დაკავშირებით ერთი განცხადება გაავრცელა.