მატარებლის მგზავრები კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩდნენ - სასწრაფო დახმარების სამსახური

პუბლიკა

მგზავრები, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩნდნენ.

როგორც „პუბლიკას“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, სამი მგზავრი კორონვირუსის რისკჯგუფში არ არის, მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და შესაბამისად მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

თბილისი-ბათუმის მატარებელი თბილისიდან დანიშნულ დროზე ვერ გავიდა. საქართველოს რკინიგზაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ  თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ ორ მგზავრს, მათი აზრით ჩინეთის მოქალაქეებს, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვეს.

როგორც „პუბლიკას“ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის მგზავრები ბათუმში სხვა მატარებლით წავიდნენ. სავარაუდოდ ჩინეთის მოქალაქე მგზავრები კი შემოწმებაზე გადაიყვანეს.

მომხდარს გამოეხმარა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. „უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“,- წერს facebook პოსტში პაატა იმნაძე.