გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვას, რამდენად არის პერსონალური სანქციების დაწესების თემა აქტიური განხილვის საგანი შეერთებულ შტატებში?
კელი დეგნანის განცხადებით, შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.
„შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
დღის ბოლოს მედიამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კელი დეგნანის ამ განცხადების შეფასება სთხოვეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა 300-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა.
„ძალიან საინტერესო მესიჯია და გეტყვით შემდეგს, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს შეგახსენებთ ვინ – ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას, ესენი არიან ასევე ენჯეოები, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აშ. საკმაოდ დიდია ამ პირთა ჩამონათვალი, იმ პირთა, რომლებიც სხვის ფულზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს ამ თემაზე პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სინამდვილეში სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარი, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ამ ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს, შესაბამის განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.