გიორგი არობელიძის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციოს მიმართავს

პუბლიკა

პლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი არობელიძე 2022 წლის 28 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ასაჩივრებს.

ცენტრის შეფასებით, გასაჩივრებული ნორმა არ არის საკმარისად განჭვრეტადი და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.

სარჩელის თანახმად, არაკონსტიტუციურია გასაჩივრებული მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ მოწოდებას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს. 

„მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ადგენს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძვლებს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. ამგვარად ბუნდოვან კანონს მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე, ვინაიდან, პირებმა ზუსტად არ იციან, რა არის კანონის მოთხოვნა და სადამდე ვრცელდება აკრძალვა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ზრდის სახელმწიფოს თვითნებობის რისკებს.

საქმეზე მოსარჩელე გიორგი არობელიძეა, რომლის საქმეშიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიხატა მოსარჩელის შეძახილსა და მოწოდებაში, რომლითაც პოლიციის თანამშრომლებს სთხოვდა, შეეწყვიტათ მოქალაქეს დაკავება.

სასამართლოს განმარტებით, პოლიციის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტის აღკვეთის პროცესში მოქალაქის თვითნებური მონაწილეობა, ამ ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა ან ზემოქმედების მცდელობა ეწინააღმდეგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს”, – ამბობენ ორგანიზაციაში. 

მათვე შეფასებით, სასამართლომ არობელიძე სამართალდარღვევად მიიჩნია ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა, როგორ შეეშალა ხელი პოლიციას, რა კონკრეტული დაბრკოლება ან/და საფრთხე შეუქმნა მისმა მოწოდებამ პოლიციის მხრიდან სხვა მოქალაქის დაკავების პროცესს.

„სასამართლომ საპოლიციო ღონისძიების (დაკავების) დროს დასმული შეკითხვა – “რატომ აკავებთ” – ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე, ბლანკეტურად ჩათვალა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, მაშინ როცა პოლიციელს ფორმალურ დონეზეც არ გაუკეთებია განმარტება (არ გაუცია ბრძანება) შეეწყვიტა უკანონო ქმედება (ვერბალური მოწოდება)”, – ამბობენ ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, გიორგი არობელიძე პოლიციამ 2021 წლის 18 დეკემბერს, ღამის საათებში დააკავა. ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში იგი რატი რატიანთან ერთად შეესწრო სხვა მოქალაქეზე სამართალდამცავების ჯგუფური ძალადობის და ცემის ფაქტს, რისი გაპროტესტების შემდეგაც, პოლიციელებმა მათზეც იძალადეს ფიზიკურად. აღნიშნული საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.