პრეზიდენტის განმარტება მიუთითებს, რომ იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

„ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით. 

პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა. ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კოლეგებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობთ მათი კანდიდატურების წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი აღიარება და იმის დასტურია, რომ უწყების სანდოობის პრობლემა არ დგას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ცესკოს 2 წევრი, მოვალეობას შეასრულებენ იმ დრომდე, სანამ კანონმდებლობის დაცვით მათი შემცვლელები არ იქნებიან არჩეულნი.

6 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციმ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტეს თუ რატომ არ წარუდგინა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე იყო წარდგენილი პარლამენტისთვის, თუმცა ვერცერთხელ მოიპოვა პარლამენტის 2/3-ის ხმების რაოდენობა 5 წლის ვადით ასარჩევად. რაც ზურაბიშვილის განცხადებით, ცესკოს გაძლიერებას არ უწყობს ხელს.