„ოცნება" „შინ ევროპისკენ" კლიპის გაშვების გამო ტელევიზიების სანქცირებას მოითხოვს

პუბლიკა

„ქართული ოცნება” კომუნიკაციის კომისიას მიმართავს და ტელეკომპანიების – „მთავარი არხის”, „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

როგორც კომისიისადმი განცხადებაში წერია, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ 23 და 24 ივნისს ამ სამი ტელევიზიის ეთერში განთავსდა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე ვიდეორგოლები, რისი მიზანიც იყო, „ოცნების” წევრები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების განთავსება კანონმდებლობით დაუშვებელია, და ამაზე რეაგირებისკენ მოუქოდებენ სწორედ კომისიას.

„ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას.

სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით. ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების თარიღს, რეკლამის განთავსების ფორმას, რეკლამის ფასების გამოქვეყნების წესს, რეკლამის ხანგრძლივობასა და რეკლამებს შორის დროის ინტერვალებს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნება” ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ფასიანი, ისე უფასო წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება, იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე.

მათივე თქმით, ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, განეთავსებინათ რგოლი, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მატარებელი იქნებოდა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსება და გავრცელება წარმოადგენს რეკლამის შინაარსის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას.

მმართველი პარტია მოუწოდებს კომისიას, შეისწავლოს ეს საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს კომუნიკაციების კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.

ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამ საჩივარს მათი ტელევიზიების დასჯის მორიგ მცდელობად აღიქვამენ.

„შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ აქცია რომ იმართებოდა, სწორედ ჩვენი ევროპულ მომავალთან დაკავშირებული კლიპზეგვიჩივის „ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი და რა თქმა უნდა დაგვსჯის. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს „მთავარი არხის” წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ. შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო”, –  ამბობს „მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი.

„ბექაურის უწყებისგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ამ საჩივრის განხილვა მოხდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ობიექტურად”, – ამბობს ნანა აბურჯანიძე, „TV პირველის” დორექტორი.