„ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარების კანდიდატების საბოლოო სია ჯერ არ არსებობს. ასე გამოეხმაურა დეპუტატი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია თბილისში 7 კანდიდატზე უკვე შეთანხმებულია.
„იმ გვარების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი ლიდერები არიან, რომ ბუნებრივია განიხილებიან, ამას მე დავამატებდი ელისაშვილს, დავამატებდი გუგავას. აი, ეს ყველა გვარები განხილვის საგანი იყო და სხვებიც კიდევ. ჯერ საბოლოო სია არ არსებობს, უბრალოდ ძალიან სწრაფად წავიდა, ჩვენ 4 აპრილი გვაქვს აღებული და თბილისის შემთხვევაში იმ პერსონალიების მონიშვნა… მე დავამატებდი ზურაბ ჯაფარიძის გვარსაც. მე ვისურვებდი, რომ მარგველაშვილი, თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, იყოს ამ კონკურენციაში, ის ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება „ოცნების“ წინააღმდეგი ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ეს ჩემი სურვილია. ზუსტად ასევეა ეს გვარებიც. ეს ყველა გვარი სწრაფად გავიარეთ, მოვნიშნეთ ლიდერები, როცა საბოლოო იქნება ჩვენს ინტერესშია ხომ ამის გასაჯაროვება?!“ – განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
ბოკერიას თქმით, ოპოზიციის მიზანია 4 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციამდე მაქსიმალურად ბევრ კანდიდატზე შეთანხმდნენ. თუმცა მისი თქმით, სასიამოვნოდ გაოცებულია, რადგან ძირითდ პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია იმაზე მარტივად შედგა, ვიდრე მას წარმოედგინა.
„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში 7 საერთო მაჟორიტარ კანდიდატზე შეთანხმდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს შორის შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი იქნებიან.