ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი და 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

პუბლიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე-მაშველები გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს,თუმცა კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა და მეხანძრეებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც.

ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი.