აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ხელისუფლების, ოპოზიციის, დამოუკიდებელი დეპუტატებისა და დიპლომატების შეხვედრა გაიმართა.
გამოსვლის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ კონკრეტულ საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება არ შემდგარა.
„ელჩმა მოგვიპატიჟა დღეს იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებს თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ ჩვენთვის, ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ჩვენს მეგობარ ელჩებს აინტერესებთ ჩვენი მოსაზრებები და უნდათ, რომ მათი მოსაზრება მოვისმინოთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ეს მოპატიჟება მიღებული იქნა“, – განაცხადა „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, საუბრის დასაწყისშივე მხარეებმა განაცხადეს, რომ პოზიციების შეცვლას არ აპირებდნენ.
„დიახ, საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა, არავითარი შეთავაზებები არ მიგვიღია, არავითარი შეთანხმებები არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არაფერი არ წამოჭრილა იმიტომ, რომ საუბრისას დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩებიან“, – განაცხადა ვაშაძემ.
ხოლო „ქართული ოცნებიდან“ წამოსულმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრას დიპლომატების მიერ გამართული მეგობრული ვახშამი უწოდა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთან გველაპარაკა სხვადასხვა საკითხებზე, არაფერზე კონკრეტულზე შეთანხმება არ ყოფილა“, – თქვა პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ეს იყო დიპლომატების გამართული „მეგობრული ვახშამი“ და კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრიათ.