პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან შეჯერებულ კანონპროექტს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესსთან დაკავშირებით ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებენ.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. ამის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა.
„ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.
კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი – მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე წარადგინა დღეს ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში.
თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატი იქნება ზაზა ყურაშვილი.