„ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სამხარაულის ექსპერტიზის დანიშვნა იუსტიციის მინისტრის მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს ~ პასუხი უნდა გაეცეს.
„მე არ ვარ იუსტიციის მინისტრი, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ალბათ ჩაითვალა, რომ ყველა სპეკულაციას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი – ეს არის და ეს, რაც აბსოლუტურად რაციონალურია“, – თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ არის დაგვიანებული სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარება და ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება საერთაშორისო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლას? – კობახიძემ უპასუხა, რომ აქამდე ექსპერტიზის ჩატარების არავითარი საჭიროება არ იყო.
„ყველამ იცის, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის უზრუნველყოფილია სათანადო მკურნალობა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე დაგვიანებული არაფერი არ არის. გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ამ სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა. დასამალი არაფერი არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური. რადგან მომსახურებაც არის სათანადო. შესაბამისად დამატებითად დადასტურდება.
[ექსპერტიზის] არავითარი საჭიროება არ იყო, თქვენ გახსოვთ, რომ ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ, რატომ? იმიტომ რომ არავითარი დიაგნოზი არ იყო. არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არის საჭირო, არ არსებობს. ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ომბუდსმენის ჯგუფის წევრებმა“, – თქვა კობახიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს მიმართავენ.
მინისტრის განცხადებით, ექსპერტიზის დანიშვნის მიზეზია ის, რომ მათ სურთ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.