„მთავარი არხი“ „ვანოს შოუზე" განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

“მთავარი არხი“ „Tv პირველზე“ ვანოს შოუს გადასვლას განცხადებით ეხმაურება. ტელეკომპანია განცხადებაში წერს, რომ „ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ახალ იუმორისტულ შოუზე მუშაობა დაიწყეს, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს.

„ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან. ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა.

ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ – ხშირად ანაზღაურების გარეშე – და მაინც არ ტოვებს კომპანიას. „ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში.

ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.

„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე – ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიდან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“. ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი – ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე – ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“. – წერს არხი. განცხადების სრული ვერსია.