„ჩემი მინისტრის საათის ნახევარი დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თანდართული პრეზენტაციით“, – ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მისი იმპიჩმენტის საფუძვლის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ კომიტეტზე დასასმელ კითხვებს მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში გამოსვლის დროს უპასუხა.
„ანგარიშვალდებულების კუთხით, შეამოწმეთ, ოდესმე საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ იყო მინისტრი მისული, როგორც მე ვიყავი ბოლო 6 თვის განმავლობაში ან, თუ გინდა, აიღეთ 2019 წელი – ეს რაოდენობები. ახლა ხარისხობრივი ნაწილი: ზუსტად 3 დღით ადრე, რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი, წინმსწრებად, ჩემი მინისტრის საათის ნახევარი დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არც ერთი კითხვის გამომგზავნი გამოსვლას არ დასწრებია, ისხდნენ და მერე გავიდნენ, არ აინტერესებდათ“, – განაცხადა მინისტრმა, რის შემდეგაც ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები” 24 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მინისტრი სხდომაზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის დარგობრივ კომიტეტზე გამოუცხადებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია“.
საიას განცხადებით, ერთადერთი, როცა შესაძლებელია, რომ მინისტრი არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე, ეს მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა, მოცემულ შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა.