წულუკიანი: დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს

პუბლიკა

ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე კომენტირებისას.

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.