„რატომ ხდება რეგულარურად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციულო ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას“,– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ- ის საელჩოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ძალიან დასანანი და სამწუხაროა ეს განცხადება. ის შეიცავს ორ არასწორ მინიშნებას: პირველი – საუბარია იმაზე, თითქოს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ეს კანონი, რაც არის ტყუილი. ჩვენ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზეთ, ასევე პოლიტიკურ პარტიებს (წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები), შემდეგ პრეზიდენტი ჩაერთო ამ საქმეში, ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინა, მითუმეტეს, არავის არ უთქვამს, რომელი სტანდარტია დარღვეული. კითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, საელჩოს კითხეთ მათ შორის, ვერავინ დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს, 6 თვე გავიდა, რაც დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს.
ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე – ერთი სამწუხარო რამ წერია, არ ვიცი, ტყუილი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მძიმედ უნდა შეფასდეს. ეს არის ის, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში არ ეხება ეს კანონი, ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი“,- განაცხადა კობახიძემ.
7 სექტემბერს ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა მოსმენების შესახებ კანონზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.