„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის პროექტით, იგეგმება ცვლილებები, რომლის მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა.
ამის შესახებ აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან.
„მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ უნდა შეიცავდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. ასევე იკრძალება ტერორიზმისკენ მოწოდება.
კანონპროექტით დირექტივის ახალი რედაქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ზუსტდება სიძულვილის ენის განმარტება და დგინდება ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ.