არ გვაქვს პანიკის საფუძველი – გახარია კორონავირუსზე

პუბლიკა

„გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება.

„სწორედ ისე, რომ, ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შეხება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა ისევე, როგორც მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ავიამიმოსვლის შემდეგ, მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან”, – აღნიშნა გახარიამ.


საქართველოში გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის  გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.

ტიკარაძის განცხადებით, პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას პირდაპირი შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია. მინისტრის თქმით, ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება.