„დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხტა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია.
ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა. („იმედის“ თარგმანი)
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელების ელჩთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და გადაჭარბებული იქნება.
„მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა არ არის საკმარისი და საჭირო. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, აშს-ის ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული.“
პრემიერის ეს განცხდება პასუხი იყო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლითაც მან პრემიერს მოუწოდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეულის განცხადებებს.