NDI: პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან

პუბლიკა

NDI-ის ახალი საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

2016 წელს მოსახლეობის 14 % ფიქრობდა, რომ საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლური უნდა ყოფილიყო. 2022 წელს კი მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს.

პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მცირედით შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, თუმცა მაინც კვლავაც მაღალია ევროკავშირის მხარდაჭერა. ევროკავშირის მხარდაჭერის მცირედი ვარდნა ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში არის გამოხატული, თუმცა ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებშია.

2019 წელთან შედარებით,გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.

წინა კვლევების მსგავსად ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.

—————————————————–
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC-საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.