პარლამენტში ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, სავარაუდოდ, არ დაარეგისტრირებს

პუბლიკა

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, სავარაუდოდ, არ დაარეგისტრირებს.

„თეთრი კვამლი ამოვიდა ამ შენობის თავზე. შევჯერდით. სამშაბათს გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენ, ყველა ვართ საერთო პოზიციაზე, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ მძიმე დისკუსია გვქონდა, რთული, მაგრამ გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ, კანონპროექტი არ დარეგისტირდება ჩვენი მხრიდან პარლამენტში. თუმცა, ჩვენ გავასაჯაროებთ და საერთო დისკუსიებს დავიწყებთ იმ პრინციპებზე, რაც საფუძვლად უნდა ედოს სამართლებრივად დეოლიგარიზაციის შესაძლებლობებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, გურო იმნაძემ განმარტა, დეოლიგარქიზაციის პრობლემის გადასაჭრელად ორი შესაძლო გზა არსებობს:

12-პუნქტიანი გეგმიდან 11 პუნქტის შესრულება, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ზრდას, სასამართლოსა და საპარლამენტო ზედამხედველობას გააძლიერებს, რაც, მისი შეფასებით, არაფორმალური გავლენების აღმოფხვრის საწინდარი იქნება. იმნაძის თქმით, მეორე გზა არის სპეციალური სამართლიანი გარანტიების შექმნა.

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის შესახებაც.

„სრულიად შესაძლებელია, ყველანაირი გაწერილი პროცედურის გარეშეც შევთანხმდეთ პოლიტიკური ძალები და მხარი დავუჭიროთ დეპუტატებმა არასამთავრობოების მიერ დასახელებულ კანდიდატს. უნდა ვიბრძოლოთ სანამ იქნება შესაძლებელი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები მოხვდნენ კენჭსაყრელ კანდიდატთა შორის“, – თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

მსჯელობის საგანი ევროკომისიის 12 რეკომენდაცის შესრულება იყო.