პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პროევროპულმა პარტიებმა ძალები გააერთიანონ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კოალიციაზე არაა საუბარი, ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობას ეხება საქმე.

„ჩვენ, პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. არ არის პოლიტიკურ ერთობაზე საუბარი, არამედ ეს უნდა იყოს ფართო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსს. ნამდვილად ვაპირებთ უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე, არაპოლიტიკურ ჯგუფებთან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კოალიციის შექმნას აპირებენ და მუშაობა დაწყებულია.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ პარტია „ლელოში“. სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში არანაირი კოალიციის შექმნაზე საუბარი არაა.