თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ ლარით იზრდება - მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

კაკაურიძის ინფორმაციით, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ. ლარით გაიზრდება. 

მისივე თქმით,  დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5%-მდე გაიზარდა.

ასევე, განახლდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და მისი მოცულობა თავდაპირველად დაგეგმილი 64,8 მლრდ. ლარის ნაცვლად 72,2 მლრდ. ლარის ოდენობით განისაზღვრა”, – თქვა მინისტრის მოადგილემ. 

მისივე ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, როგორც მან თქვა, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ. ლარით ნაკლები ვალის აღებას აპირებს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ბიუჯეტში თანხა სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება;

  • 150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება;

  • 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება;

  • ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება.