ლეგიტიმური კითხვაა, მე არ ვიცი, რაში იხარჯება აშშ-ის თანხები - კობახიძე ოთხეულის განცხადებაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ჟურნალისტებმა გუშინ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ანტიამერიკულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

ჟურნალისტების შეკითხვა შეეხებოდა, ემიჯნება თუ არა პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრების განცხადებას, სადაც ისინი კონსპირაციულ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ.

„აქ არის საუბარი ოთხ პარლამენტარზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ეს კითხვები არის ლეგიტიმური და საელჩოს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

…მე რა პასუხი უნდა მქონდეს, საელჩომ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. მე მართლა არ ვიცი, თქვენ იცით? [რაში ხარჯავს საქართველოში ამერიკა თანხებს]. არ არის ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული, როგორც ვიცი. მე არ ვიცი, რაზე იხარჯება კონკრეტულად ეს თანხები, არც თქვენ არ იცით, არც მე არ ვიცი.

რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, საჯაროდ ისმება ეს კითხვა. ჩვენ ამის მომხრე არ ვიყავით და არც დღეს ვართ, მაგრამ მარტივია, საჯაროდ დაისვა კითხვა, საელჩოს შეუძლია დეტალურად გაშალოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები. ხომ დამთავრდება ამით ყველაფერი.

თუ ამ კითხვებზე პასუხი იქნება გაცემული, საელჩოს შეუძლია დაამტკიცოს, რისთვისა განკუთვნილი ეს თანხები“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.


გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ ირაკლი მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში დეპუტატები კონსპირაციულ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამერიკის ფინანსური დახმარების შესახებ.