კულტურის სამინისტროს განცხადებით, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის 90-იან წლებში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 6 ფერწერული ტილოდან 5 ნამუშევარი „უწყების ძალისხმევით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა“. თუმცა ერთი ნახატის შესწავლისას გაჩნდა კითხვის ნიშნები, ამიტომ შემოწმების შემდეგ საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.
„კერძოდ, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა 5 ფერწერული ტილო, რომლებიც 1993 წელს საელჩოს დროებით გადაეცა: ლევან ლაღიძე – „პეიზაჟი“; ზაზა ბერძენიშვილი – „კომპოზიცია“; გელა მანჯავიძე – „მაგიდის ქვეშ“; თამაზ კაკაბაძე – „თეთრი სახლი“ და ზაურ გოლავა – „ქალი ყვავილებით“, – აცხადებს სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებით, ბელგიიდან კიდევ ერთი ტილო დაბრუნდა, მაგრამ ის, სამუზეუმო ექსპერტების შეფასების შედეგად, არ აღმოჩნდა ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ქალი“, რომელიც ზემოაღნიშნულ 5 ტილოსთან ერთად იქნა საელჩოსათვის გადაცემული.
„მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინ ნახატის შესწავლისას, გაჩნდა კითხვის ნიშნები. კერძოდ, ნახატზე არ არის ასახული რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი (ნახატის სახელწოდება, ავტორის ხელმოწერა, ფონდის საინვენტარო ნომერი ან სხვა ნიშანი), რომელიც ყველა სხვა ნახატს, რომელიც მუზეუმში ყოფილა ოდესმე დაცული, თან ახლავს და ადასტურებს როგორც ნახატის ავტორის ვინაობას, ასევე კონკრეტული ფონდის კუთვნილებას.
შესაბამისად, მეექვსე ტილოს საკითხი დამატებითი შესწავლისათვის დაექვემდებარა კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის შემდეგაც, გადაიგზავნება საქართველოს პროკურატურაში. მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ედმუნდ კალანდაძის ნახატის დაკარგვისა და მისი სხვა, უცნობი მხატვრის ნახატით ჩანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში უნდა გამხდარიყო საელჩოსათვის ცნობილი“, – აცხადებს სამინისტრო.