„ავტობუსების რაოდენობის თვალსაზრისით, დედაქალაქს არანაირი პრობლემა არ აქვს; პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ ახერხებს ავტომობილებისა და ავტობუსების გარკევული რაოდენობის გატარებას, ამიტომ ვახორციელებთ ამ პროექტებს, რომ გავაჩინოთ შესაბამისი ზოლები ავტობუსებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და განმარტა, რომ მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდით პრობლემა მოგვარდება, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ავტობუსების დამატება, პირიქით, დამატებით პრობლემებს შექმნის ქალაქისთვის, „დამატებით ჩახერგავს მოძრაობას.“
კალაძე ამბობს, რომ ამჟამად თბილისს 672 ავტობუსი ემსახურება, დაახლოებით 140 ავტობუსია რეზერვში, დაზიანებული ავტობუსების ჩანაცვლება რომ გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, წინა წლებში ქალაქს 430 ე.წ. ყვითელი ავტობუსი ემსახურებოდა.
დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე კალაძემ სატრანსპორტო რეფორმის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ცენტრალურ უბნებში საცობების გაზრდა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარე სამუშაოების შედეგია. თბილისის მერმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა შექმნილი დისკომფორტისთვის და განმარტა, რომ ამ სამუშაოების გარეშე რეფორმის გატარება შეუძლებელია.