კორონავირუსის შემთხვევის გამო მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა - მსხვილი სუპერმარკეტები

პუბლიკა

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფოტოები სუპერმარკეტებიდან, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები დიდი რაოდენობით პროდუქტებს ყიდულობენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა რამდენიმე მსხვილს სუპერმარკეტს იმის გასარკვევად, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ფოტოები და მართლაც იმარაგებდნენ თუ არა მოქალაქეები პროდუქტებს.

„აგროჰაბში“ გვითხრეს, რომ კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ საათში მომხმარებელთა რაოდენობამ ძალიან მოიმატა.

„გუშინ ცოტა ქაოსურად ყიდულობდნენ პროდუქტს. დღესაც ბერი ხალხია შედარებით, ძირითადად მშრალ საკვებს ყიდულობენ. როგორც წესი, ასეთი ხალხმრავლობა პარასკევს და შაბათს არის ხოლმე. ალბათ, პროდუქტებს იმიტომ იმარაგებენ, რომ აღარ მოუწიოთ მომდევნო დღეებში რიგში დგომა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა“ – ამბობენ „აგროჰაბში“.

სხვა სუპერმარკეტებშიც გვიდასტურებენ, რომ სხვა დღეებთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

„გუდვილში“ ამბობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუმცა „გუდვილის“ ქსელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი და პროდუქტების დეფიციტის რისკი არ არსებობს.

„გუდვილში“ ყველაზე დიდი რაოდენობით პირველადი მოხმარების ნივთები, ბურღულელული, შაქარი და მაკარონი გაიყიდა.

მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს „კარფურის“ წარმომადგენელიც. მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა მაკარონსა და ბურღულეულზეა.