ლილუაშვილი ჟურნალისტს: არ გინდათ ამდენი ბოღმა, სიკეთით იცხოვრეთ

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე  ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

„არ გინდათ ამდენი ბოღმა და ბოროტება, სიკეთით იცხივრეთ“, – უთხრა მან ჟურნალისტს.

17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ოპოზიციური პარტიის წევრებზე სავარაუდო თვალთვალისა და მოსმენების შესახებ. სიუჟეტში,  იდენტიფიცირებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ჟურნალისტის თქმით, სუსის მოქმედი თანამშრომლები არიან და ისინი აწარმოებენ თვალთვალს.

გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურნენ როგორც ოპოზოციური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც და პროკურატურას ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა, ე.წ. მოსმენების საქმეზე.

„ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარუყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს”, – ამბობდა სახალხო დამცველი თავის განცხადებაში.