ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ  აპირებს, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.

როგორც ის ამბობს, სოსო გოგაშვილმა მას წერილით მიმართა და ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. მურუსიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გოგაშვილი მას სასამართლოსა და მოსამართლეებზე მადისკრიმინირებელი მასალების გავრცელებით დაემუქრა.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ  შესაბამისი მტკიცებულებები აქვს და უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ ფაქტს. თქვენთვის, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუსის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა“, – უთხრა მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

ლევან მურუსიძე ჰყვება, რომ როდესაც სოსო გოგაშვილის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ის დააკავეს, სოსო გოგაშვილი მას დაუკავშირდა.

„სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას.

ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ მე არ ჩავერეოდი და არ უზრუნველვყოფდი, აღნიშნული ყადაღები არ ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად, გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია”, – ამბობს ლევან მურუსიძე.

მისი მტკიცებით, სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ სოსო გოგაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.

„თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, და ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ „ხომ ხედავ, დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდება აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს,“ – თქვა მან.

როგორც ლევან მურუსიძემ თქვა, თავს ვალდებულად მიიჩნევდა ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი სამბჭოს წევრებისთვის ეცნობებინა. ასევე, მან თქვა, რომ აპირებს მიმართოს პროკურატურას.


გუშინ სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშილმა, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, მორიგი წერილი გაავრცელა სოციალურ ქსელში.

მან წერილში თქვა, რომ ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მართალია და ჰყვება, როგორ ჩაერთო სუსი „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლეზე ზეწოლის პროცესში.