გაერთიანდით, დადექით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, დაიწყეთ თანამშრომლობა - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, გაერთიანდნენ, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დაიწყონ თანამშრომლობა.

„შესაძლოა, საქართველო იმედგაცრუებულია და მე მესმის ამ იმედგაცრუების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. ამას ბოლო წლებია ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ გთხოვთ, გაერთიანდით, გთხოვთ, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქართველ ერს სურს, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იმსახურებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ასე რომ, „ქართულო ოცნება“, გააგრძელეთ ის სამუშაო, რასაც ასრულებთ, გააგრძელეთ მუშაობა ისე, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იგრძნოს, რომ უსმენენ, რომ მათ პოზიციებს განიხილავენ და რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან. ისე, რომ ინკლუზიურობა არა მხოლოდ ქაღალდზე იყოს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ.

მარინა კალიურანდმა მოუწოდა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს, მაქსიმალურად ჩაერთონ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

„გთხოვთ, გააგრძელეთ მუშაობა, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ხმა და ეს თქვენ საშუალებას გაძლევთ, გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. მივმართავ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში: გთხოვთ, ჩაერთეთ, მოდის სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, რადგან, დარწმუნებული ვარ ეს არის ის, რაც ქართველ ამომრჩეველს სურს“, – განაცხადა კალიურანდმა.