ოროზმანში აღმოჩენილ 1 800 000 წლით დათარიღებულ ჰომინიდის კბილის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ძეგლის აღმომჩენი არქეოლოგები განმარტებას აკეთებენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, პალეონტოლოგი და უძველესი კბილის აღმომჩენი ნიკა ვანიშვილი, რომლის სახლიდანაც წამოიღეს კულტურის სამინისტროს ინსპექციის წარმომადგენლებმა არტეფაქტი, არის ღირსეული მეცნიერი. ლორთქიფანიძის თქმით, მეცნიერის გადაწყვეტილება, რომ ექსპონატი ერთი ღამით სახლში შეენახა, კონკრეტული მიზეზით მოხდა. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ ოროზმანში განუცხადა ჟურნალისტებს.
„კბილი ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული და მინდა, დავამატო, რომ ნიკა ვანიშვილი, რომელიც არის რეალურად კბილის აღმომჩენი და რომელიც მიხვდა, რომ ეს კბილი ეკუთვნის ჰომინიდს, არის ძალიან ღირსეული მეცნიერი. მე დარწმუნებულ ვარ, რომ ამ კბილს არაფერი არ ემუქრებოდა. ეს კბილი არის ძალიან ძვირფასი მასალა და დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო სიტუაციის მიხედვით“, – უთხრა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.
პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი ექსპონატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა და ამიტომ წაიღო არტეფაქტი სახლში.
„კბილი უნდა განთავსებულიყო განსაკუთრებით დაცულ გარემოში – სეიფში, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მე მარტო ვიყავი პალეონტოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სეიფის გადატანა ისეთ ოთახში, რომელიც უფრო მყარი იყო, სეიფის სიმძიმიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით, 19 სექტემბრის საღამოდან 20 სექტემბრის დილამდე, დამეტოვებინა ჩემს საველე ზუგრჩანთაში, შესაბამის ჯიბეში, სადაც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ დავაბრუნებდი პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, დილით, სადაც მოვათავსებდი კოლეგების დახმარებით ამ სეიფს უსაფრთხო ადგილას და ჩავკეტავდით იმ სეიფში, სადაც ის იქნებოდა უსაფრთხოდ“, – განმარტა ნიკა ვანიშვილმა.
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვნელი გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ სპეცოპერაციის საფუძველზე, ექსპონატების აღმომჩენისგან „ამოიღეს კბილი და გადაარჩინეს“. როგორც ბიძინაშვილი აცხადებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი 24 სექტემბერს ბოლნისის მუზეუმში უნდა გამართულიყო, სადაც იგეგმებოდა უძველესი ჰომინიდის კბილის წარდგენა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.
„აქ არის ჩამოსული ოლდუვაის შემსწავლელი ჯგუფი, მეცნიერები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა კონტინენტიდან არიან. დიდი ინტერესი ჰქონდათ, რომ ენახათ ეს კბილი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უძველესი კბილი ევრაზიაში.
სამწუხაროდ, კბილის წარდგენა ვერ მოხერხდა იმ სპეცოპერაციის გამო, როდესაც მოხდა კბილის მპოვნელისა და მისთვის სამეცნიერო ღირებულების მიმცემისაგან, ექსპედიციის მთავარი წევრისგან „კბილის ამოღება, გადარჩენა”.
ამ სპექტაკლმა გამახსენა იმიტირებული ქრონიკა. მე გეტყვით, რომ არც ერთი თეთრი არ მიუღია ამ ძეგლს კულტურის სამინისტროსგან“, – თქვა ბიძინაშვილმა.
გუშინ ღამით საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო და გაავრცელა განცხადება ოროზმანში აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდის კბილის შესახებ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობდა არტეფაქტის დაკარგვის რისკი, თუმცა სამინისტროს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ამას.
სამინისტროს ინფორმაციით, 20 სექტემბერს გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოიკითხა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ნიკა ვანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ „ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა“.
სამინისტროს განცხადებით, არტეფაქტი დალუქულ მდგომარეობაში ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მათი თქმით, მასალები მზადდება საიმისოდ, რომ ისინი პროკურატურაში გადაიგზავნოს.
„მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა.
სექტემბერში კი, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში არქეოლოგებმა 1 800 000 წლის ჰომოს კბილი იპოვეს.
არქოლოგიური ჯგუფის წევრების ნაწილი, რომლებიც ძეგლზე მუშაობდნენ და უნიკალური აღმოჩენის ავტორები არიან, თეა წულუკიანმა რეორგანიზაციის ფარგლებში მუზეუმიდან გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ეროვნულ მუზეუმსა და კულტურის სამინისტროს ოროზმანის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.