წულუკიანი: თეატრების დაფინანსების სისტემა შედეგზე მიბმული უნდა გახდეს

პუბლიკა

თეა წულუკიანმა საპარლამენტო გამოსვლის დროს კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური აქტია, რომელსაც ამ მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

მისი თქმით, კოდექსის ორი თავი ფაქტობრივად მზად არის და ეხება თეატრებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმას.

წულუკიანის თქმით, კანონში გაჩნდება თეატრების ტიპების ჩამონათვალი, ასევე პირველად დადგინდება თეატრების კატეგორიები.

მისი თქმით, საქართველოში არსებობენ არაჩვეულებრივი მუნიციპალური, შერეული და კერძო თეატრები და მათ საქმიანობას თეატრების დღევანდელი კანონი ვერ ხედავს.

„ზოგ სახელმწიფო თეატრს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ უნდა ვთქვათ კიდეც, მაგრამ არის რამდენიმე კერძო თეატრი, რომელიც სჯობს დარჩეს კერძო და სამინისტრომ ხელი შეუწყოს, რადგან ასე უფრო ვითარდება, ვიდრე გახდეს სახელმწიფო და დაემსგავსოს სამინისტროს უფრო მეტად, ვიდრე თეატრს. კანონის სიახლე იქნება ასევე ის, რომ ქართული დრამატურგია კანონში აისახება, როგორც თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველი.

ეს მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პირობა დადოს, რომ დრამატურგია იყოს ხელშეწყობილი და აღიაროს, რომ დრამატურგია არის თეატრი ერთ-ერთი საფუძველი. ასევე კანონით სახელმწიფო როლის თეატრმცოდნეების მხარდაჭერაში განმტკიცდება, რაც დღეს ასე არაა.

ჩვენ თეატრმცოდნეებისთვის ცალკე პროექტი შევქმენით და ვაფინანსებთ ჰონორარებს. სათეატრო კრიტიკა უპრეცედენტოდ ხელშეწყობილია, უკვე მეორე წელია გაზრდილი ბიუჯეტით.

ასევე კანონით შემოვიღებთ განსაკუთრებული მხარდაჭერის მქონე თეატრების ნუსხის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იმ თეატრების წახალისებას, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ეს შექმნის სახელმწიფო თეატრებთან კონკურენციას, რომლისაც ზოგიერთს ეშინია, ზოგს არ ეშინია იმიტომ, რომ არის საუკეთესო ფორმაში. თუ არ იარსებებს კონკურენცია ძნელია.

მთავარი სიახლე იქნება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლების განსაზღვრა. დღეს ეს სისტემა არ არსებობს და ლოგიკა არ არსებობს თუ რატომ იღებს ერთი მეტს და მეორე ნაკლებს. ის ვინც იღებს მეტს მუშაობს ნაკლებს და ის ვინც იღებს ნაკლებს მუშაობს მეტს და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს და შედეგზე მიბმული უნდა იყოს.“ – განაცხადა წულუკიანმა.