პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალი წაუყენა

პუბლიკა

პროკურატურამ ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და დაკავებულ პირს რამდენიმე მუხლით დღეს ბრალდება წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი  შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.

თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა.

ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოთხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერს პროკურატურა.