მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – რას წერს სტრასბურგი გადაწყვეტილებაში

პუბლიკა

„მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი პირველი სექტემბრით თარიღდება.

გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასა და მათ დაკავებასთან დაკავშირებით შეიტანეს.

მოსარჩელეები სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 16:00 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობდა, რაც ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემააზე გადასვლას ისახავდა მიზნად. შსს-ს ცნობით, ამ დღეს აქციის 37 მონაწილე დააკავეს, მათ შორის იყვნენ მოსარჩელეებიც.

საქალაქო სასამართლომ მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, კაჭარავას 4-დღიანი, ბერძენიშვილს 7-დღიანი.

სტრასბურგის სასამართლომ მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ არ დაადგინა არც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და არც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. რაც შეეხება ირაკლი კაჭარავას, მის მიმართ ორივე ამ მუხლის დარღვევა დადგინდა.

რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში:

სასამართლო მიუთითებს, რომ 18 ნოემბერს გამართული აქცია არ ატარებდა ძალადობრივ ხასიათს და არც მისი მიმდინარეობისას გადაზრდილა ძალადობაში. აქციის მონაწილეებმა კი, მართალია პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალეს, მაგრამ შეკრება მიზნად ისახავდა პოლიტიკური იდეების გამოხატვას.

ამიტომ, თუნდაც მოქალაქეთა შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, მაშინაც კი, თუ მათ პროტესტისას გამოიყენეს დამაბრკოლებელი ფორმები, ეს აუცილებლად დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების უარყოფად არ უნდა ჩაითვალოს.

ხოლო აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების ნაწილით და მათი პასუხისგება იყო ჩარევა მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში.

თუმცა სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შენობისა და გზების ბლოკირების გამო ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოს ჩარევას. შესაბამისად, სასამართლო თანხმდება, რომ მოსარჩელეების დაკავება კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს – არეულობის თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 18 ნოემბერს გამართული აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცხოვრების დარღვევას დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობისთვს ხელის შეშლით, მათი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

ამასთან მოსარჩელეებმა აირჩიეს პროტესტის ობსტრუქციული ფორმა პარლამენტის შენობის ბლოკირებით, შემდგომ კი პოლიციისთვის პარლამენტის შესასვლელების გასათავისუფლებლად გაწეული მოქმედებებისთვის ხელის შეშლით.

„ამგვარ ბლოკადას, როგორც ეს განზრახული იყო, უნდა წარმოექმნა ისეთი არეულობა, რაც სცილდება მცირე არეულობის საზღვრებს.

ამასთან დაკავშირებით როგორც სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვები წაუქეზებიათ ასეთ ქმედებებში, მათთვის მიცემული მრავალი გაფრთხილების ფონზე და შიდა კანონმდებლობის აშკარა უგულებელყოფით, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და შემდგომში ამ შესასვლელების გასახსნელად პოლიციის ძალისხმევისთვის ხელის შეშლა, ასევე დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრებისთვის მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის ხელის შეშლა, რაც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შეიძლება შეფასდეს, როგორც „გასაკიცხი“ საქციელი“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მაქარაშვილსა და ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრათ არა პროტესტის გამოხატვისთვის, არამედ შენობისა და ქუჩის ბლოკირებისთვის, რასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.

რაც შეეხება კაჭარავას, სასამართლო მიუთითებს, რომ ხელმისაწვდომმა მასალებმა ვერ აჩვენეს, რომ ის დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის იყო. ასევე ვერ აჩვენეს, რომ ის პირადად ბლოკავდა პარლამენტის შენობის შესასვლელებს ან პოლიციის მცდელობებს, გაეხსნათ ეს გასასვლელები.

ამასთან, პოლიციამ კაჭარავა შენობის შესასვლელების გასახსნელად მოქმედებების დაწყებიდან ორი საათის შემდეგ დააკავა. სასამართლო კი მიუთითებს, რომ უცნობია ამ ხნის განმავლობაში მიაღწია თუ არა თავის დასახულ მიზანს, თუნდაც ნაწილობრივ. იმ შემთხვევაში კი თუ პოლიცია გარკვეულ წარმატებას მიაღწევდა, მაშინ ეს გავლენას მოახდენდა მოსარჩელის დაკავების საჭიროებასა და პროპოციულობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ მისი ფუნქცია არ არის, მოძებნოს ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები და გამოიძიოს, დაარღვია თუ არა წესები მოსარჩელემ.

„მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მეორე განმცხადებელი მართლაც იყო მათ შორის, ვინც პარლამენტის შენობის წინ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ, იყო თუ არა ეს მოქმედება განზრახული თუ ის სავალ ნაწილზე ადგილზე არსებული გარემოებების შედეგად მოხვდა“, – წერს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში.

შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ წარადგინა კაჭარავას გასამართლებისა და მისთვის ოთხდღიანი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობისა და პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ შესაბამისი და საკმარისი მტკიცებულებები.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელისთვის 1600 ევროს გადახდა დააკისრა.