პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე ენმ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში დაპირისპირებაზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

„გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული“, – წერს პარტია განცხადებაში.

დაპირისპირების მიზეზთან დაკავშირებით ენმ განმარტავს, რომ „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

„ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან [პეტრე ცისკარიშვილი] შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა.

მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე [ნიკა მელია] საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია ამტკიცებს, რომ გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც ნიკა მელია გადაცემაში მონაწილეობდა.

„რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით“, – წერია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს.

„ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი „რუსული ოცნების” სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას. რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან“, – წერია განცხადებაში.

ენმ-ის განცხადების მიხედვით, პარტია ერთიანია მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პატიმრების გათავისუფლების სტრატეგიაში; ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმაში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად რეფორმების აუცლებლობის რწმენაში.

„ყველაფერი დადასტურებულია! ნიკა მელიას ოთახში ჩემს შეჭრასთან და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაასაჯაროვს პარტიამ ვიდეოკადრები! რათა უფრო ღია და ნათელი იყოს ყველაფერი საზოგადოებისთვის!“, – წერს გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების გავრცელებამდე გიორგი მუმლაძეს ჰქონდა „ფეისბუქლაივი“, რომელშიც საუბრობს, რომ ნიკა მელიას არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა პარტიის მხარდაჭერა გაანულა.

მუმლაძის თქმით, მან მელიას მისამართით დასვა შეკითხვები არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირებასთან და ვადამდელი არჩევნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით.

ამავე ლაივში გიორგი მუმლაძე ადასტურებს, რომ „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტის შემდეგ მისი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე ენმ-ში მიიტანეს ეჭვი, რომ იყო სუს-ის აგენტი. მუმლაძე ამბობს, რომ მისი თანამებრძოლი სუს-თან კავშირში არ არის.

მისი თქმით, ბოდიშის მოხდის მოთხოვნით ისინი მივიდნენ ენმ-ის ოფისში, სადაც მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„4 ადამიანი შევდიოდით შეხვედრაზე, დანარჩენები კარებში მომყვნენ. მათ მიმართ იყო ნიკა მელიას პასუხი, რომ ამათ აქ რა უნდათო…მან თქვა, რომ არ უნდა, რომ ეს ხალხი შეხვედრას დასწრებოდა. მელიამ მითხრა, რომ შენც არ მინდა რომ აქ იყოო. რომ ვკითხე რატომ, მე კი მივხვდი, რატომაც, ვახსენე ლაივი, სადაც დავუსვი რამდენიმე მწვავე შეკითხვა, როგორც ჩანს, ამაზე იყო გაღიზიანებული… რა კითხვებს მისვამ, ფეისბუქზე რა დღეში ხარო, მითხრა. რამე არასწორია-მეთქი, რაზეც არ უნდა გამცე პასუხი? [ვუპასუხე]. ბუნებრივია, ამაზე გაბრაზდა და მითხრა, რომ ვარ პროვოკატორი. რაზეც ჩემი მხრიდან იყო ასეთი: „მე და შენ შორის პროვოკატორის დედაც…“

ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მისი დაცვის წევრების ნაწილი, მძღოლი და სხვა წევრები ჩართული იყვნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში. პირველად დაიწყეს მათ და ჩვენც ვუპასუხეთ, რაც შეგვეძლო“, – ამბობს მუმლაძე.

მისი მტკიცებით, ამ დაპირისპირებაში ნიკა მელია მედიატორის ნაცვლად წამახალისებლის როლს თამაშობდა. მუმლაძემ მელიას „დაცვას აფარებული ლაჩარი“ უწოდა.

„სადაც შემხვდება, სათანადო პასუხს გავცემ, სიტყვით პირველ რიგში და თუ რამე იქნება საჭირო, თავს დავიცავ და ა.შ“. – ამბობს მუმლაძე.

გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ენმ-ში დასაქმებული ადამიანები ავრცელებენ მის მიმართ ყალბ, დამაზიანებელ ინფორმაციას. მისი თქმით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას მუქარის შეტყობინებაც გაუგზავნა. მუმლაძემ გამოაქვეყნა საუბრის „სქრინშოტები“ რომელშიც ენმ-ის წევრი თენგო სანაია მას ემუქრება.

მისი თქმით, ასეთი ადამიანები პარტიაში ნიკა მელიამ შემოიკრიბა და განსხვავებული აზრის გამო დევნა წახალისებულია. მუმლაძის თქმით, მისი მთავარი მიზანი ნიკა მელიას ენმ-დან გაგდება იქნება.