„გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით და მოვუწოდებთ განათლების კომიტეტს, დაიწყოს აქტიური მუშაობა და მხარი დაუჭიროს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, რომელიც ეხება საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის შემოტანას, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლებში ბავშვები აღარ იშიმშილებენ“,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ცვლილებები შევიდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, როგორც წითლიძე ამბობს, პროგრამის განსახორციელებლად, საჭირო იქნება 100 მილიონი ლარი, თუმცა, მისივე თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები მოიპოვება, თუ ქვეყნის ბიუჯეტი არამიზნობრივად არ დაიხარჯება.
„NDI- ის გამოკითხვებით, ყოველმა მესამე მოქალაქემ თქვა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა, რომ ოჯახი გამოეკვებათ, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს. კიდევ უფრო მძიმეა მოძრაობა “ხმის” მიერ ჩატარებული კვლევები სკოლებში, სადაც მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ განიცდის შიმშილს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებზე პირდაპირ აისახება. ეს არის კატასტროფა და ეს უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რადგან არ შეიძლება ბავშვები შიმშილობდნენ“,- განაცხადა წითლიძემ.
„მოძრაობა ხმა“ მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია თუ რას ჰყვებიან მასწავლებლები სკოლებში მოსწავლეთა შიმშილის შესახებ, აღწერენ თუ რა გავლენას ახდენს ეს სასწვალო პროცესზე და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს უფასო სასკოლო კვლებას სასკოლო საზოგადოებისათვის.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.