წიკლაური: უზრდელი ქალი ვუწოდე, მაგრამ ძალადობაზე არც კი მიფიქრია

პუბლიკა

თეა წულუკიანმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინციდენტი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.

დავით წიკლაური ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არა თეა წულუკიანს, არამედ მის მოადგილეს სოსო გიორგაძეს მიაყენა.

წიკლაურის თქმით, შეხვედრა სპორტის სამინისტროში მინისტრის კაბინეტში გაიმართა, რომელსაც, მინისტრის გარდა, მისი მოადგილე სოსო გიორგაძეც ესწრებოდა.

წიკლაურის თქმით, მინისტრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ორჯერ მიაყენა – ერთხელ კაბინეტში და მეორედ „დიდ ოთახში“, სპორტსმენებისა და მწვრთნელების თანდასწრებით.

ის ამბობს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხად წულუკიანს „უზრდელი ქალი“ უწოდა, რის გამოც სოსო გიორგაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „მისკენ წაიწია“,  რასაც წიკლაურის თქმით, „საკადრისი პასუხი გასცა“.

წიკლაური ამბობს, რომ სივრცეში, სადაც მინისტრთან იკამათა, იყო კამერები და დაფიქსირებულია ის ფაქტები, რაც მედიას „აინტერესებს”.

„მე მზად ვარ მოგიყვეთ ყველაფერი, თავს ვიკავებდი და გვინდოდა, რომ 8 რიცხვში გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ გაცხარებული პროცესია. ამიტომ მოვყვები, რა მოხდა და როგორი ზრდილობიანი მინისტრი გვყავს.

როცა მარტოები დავრჩით შეხვედრაზე  -მე, ქალბატონი თეა წულუკიანი და გიორგაძე, აი, ასე, თავდახრილი ვეუბნები, რომ – ქალბატონო თეა, მინდა, რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ და იცოდეთ, რა ღონისძიებები გვაქვს დარჩენილი და რაში ვითხოვთ ჩვენ ბიუჯეტის დამატებას.

ჩამოვუთვალე, რომ დარჩენილია მოსწავლეები, ჭაბუკების ეროვნული ჩემპიონატები, გოგოებში ევროპის ჩემპიონატი, ახალგაზრდები მსოფლიო ჩემპიონატი და ა.შ. ასევე უფროს ასაკში წლის ბოლოს შეიძლება ჩატარდეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი, სადაც აუცილებელია რომ გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა.

ამასთან ერთად მინდა, რომ გადახედოთ მწვრთნელების და აი, ამ სპორტსმენების ხელფასებს, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს და გახდნენ ჩემპიონები, და იქნებ  ეს ხელფასები დაუნიშნოთ როგორც მწვრთნელებს, ასევე სპორტსმენებს.

გვერდზე ბატონი სოსო იდგა და ვთქვი, რომ ბატონ სოსოს, ვურეკავ, ვწერ, მაგრამ ჩვენს შორის კომუნიკაცია არ ხერხდება და მინდოდა, რომ პირადად თქვენთვის მეთქვა, რომ საქმის კურსში ყოფილიყავით-მეთქი.

ვზივარ ასე, თავი მაქვს დახრილი და უცბად მეკითხება: მორჩიო? დიახ-მეთქი, შენ უზრდელო, თავხედოო, ახლა აეთრიე აქედან, გაეთრიეო, ზრდილობას რომ ისწავლი, მერე მოეთრიე და ბოდიში მოიხადეო.

ისე დავიბენი, თავიდან მეგონა, სოსოს ეუბნებოდა.

წამოდგა ფეხზე და გამოვიდა დიდ ოთახში, სადაც სპორტსმენები და მწვრთნელებიც გამოსულები იყვნენ, ასევე სამინისტროს თანამშრომლებიც და იყო კამერები, სადაც ინტერვიუებს აძლევდნენ ბიჭები.

კარში გამოვატარე, მივუბრუნდი და ვუთხარი – ქალბატონო თეა, არ გრცხვენიათ, რას კადრულობთ, ეს არის თქვენი პატივისცემა სპორტსმენების მიმართ-მეთქი?

შე უზრდელო, თავხედოო, დაახვიე აქედანო – დიდ დარბაზშიც იგივე გამიმეორა. ყველას თანდასწრებით იგივე გამიმეორა. დაახვიე აქედან, თორემ შენ არ იცი, რას გიზამო.

ამ სიტყვების შემდეგ მოვუტრიალდი და ვუთხარი – შენ მართლა უზრდელო ქალო, არ გრცხვენია, მინისტრი რეებს კადრულობ-მეთქი.

ამ საუბარში ბატონმა სოსო გიორგაძემ – შენო, ბიჭო, რას გიზამო და წამოვიდა ჩემზე, მიბრუნდი და თავისი საკადრისი პასუხი გავეცი, რა თქმა უნდა, ცუდი სიტყვებით. ქალბატონ თეასთვის არაფერი მიკადრებია. ერთი წამითაც არ გამივლია, რომ მასზე მეძალადა, მაგრამ მე პასუხი რომ არ გამეცა, იქიდან ვერ გამოვიდოდი და არ გამოვიდოდი“, – განაცხადა წიკლაურმა „მთავარი არხის“ დილის ეთერში.

„ყველა მოძალადე მამაკაცი ქალზე ძალადობას უარყოფს და ეს თქვენ, ქალებმა უნდა იცოდეთ“.

გუშინ თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დავით წიკლაურს.

„ბატონი დავით წიკლაური ეს არის გვარი და სახელი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში, როდესაც „ქართული ოცნება“ რეგიონებში ამომრჩეველს ხვდებოდა, მაშინდელი სპორტის მინისტრის ინსტრუქციით, ოპოზიციაზე მოძალადე სპორტსმენი იყო.

ამისთვის საკმარისია, რომ თქვენ ამოიღოთ ვიდეო-არქივი. მას ამჟამად ჰქვია კრივის ფედერაციის თავმჯდომარე. სინამდვილეში ის იმ ძალადობის მცდელობის შემდეგ, რაც მან განახორციელა მიმდინარე წლის ივნისში, რეალურად სპორტის სამინისტროსთვის და ჩვენი სისტემისთვის არის, გინდ ყოფილა, გინდა არა, ცარიელი ადგილი. ყველა მოძალადე მამაკაცი ქალზე ძალადობას უარყოფს და ეს თქვენ, ქალებმა უნდა იცოდეთ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს გვესმოდეს. ბუნებრივია, ასეთია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალზე მოძალადე ან ძალადობის მოსურნე მამაკაცის რეაქცია, რომ ის თითქოს არაფერ შუაშია. ამიტომ აქ ახალი არაფერი არ ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპორტის სამინისტრო არავითარ შემთხვევაში ქართული კრივს და ჩვენს მოკრივეებს, რომლებმაც წელს განსაკუთრებით კარგად იასპარეზეს, არ გაუშვებს ხელს.

ჩვენ მათ ხელშეწყობას გავაგრძელებთ, ოღონდ, რასაკვირველია, კრივის ფედერაციის გვერდის ავლით. რადგან მათ რეალურად აღარ ჰყავთ ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ ის, ვინც თავს არქმევს ხელმძღვანელს, კულტურის სამინისტროს თვალში ხელმძღვანელი აღარ არის“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მომხდარის გამო არავის არ სთხოვს რეაგირებს.