არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას - ევროკავშირის ქვეყნები

პუბლიკა

რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან. ევროპული საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მტკიცედ უარყოფენ და ცალსახად გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის – დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის უკანონო ანექსიას.

ეს უკანონო ანექსია, მათი განცხადებით, ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს და უხეშად არღვევს უკრაინის ფუნდამენტურ უფლებებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

„ჩვენ არ ვცნობთ და არც არასდროს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმს“, რომელიც რუსეთმა მოაწყო უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღევის მიზნით და არ ვაღიარებთ მათ გაყალბებულ, უკანონო შედეგებს.

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეიძლება რაიმე იურიდიული ეფექტი ჰქონდეს. ყირიმი, ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად დაგმონ ეს უკანონო ანექსია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, ისინი განუხრელად უჭერენ მხარს უკრაინას და მის უფლებას, რომ იბრძოლოს რუსეთის მიერ ამ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რათა აღადგინოს კონტროლი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე.

„კრემლის მიერ წამოწყებული ბირთვული შანტაჟი, სამხედრო მობილიზაცია და სტრატეგია, რომლითაც ცდილობს ყალბად წარმოაჩინოს უკრაინის ტერიტორიები რუსეთად და ამტკიცოს, თითქოს მის ტერიტორიას ესხმიან თავს, ვერ შეარყევს ჩვენს მხარდაჭერას.

ჩვენ გავაძლიერებთ შემაკავებელ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ისინი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას რუსეთზე ამ აგრესიული ომის დასასრულებლად“, – აცხადებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები.