„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი POS TV-ის ეთერში ამბობს, რომ მათ მოძრაობასთან შეერთების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.
სუბარის თქმით, ბევრი ადამიანი იზიარებს იდეებს, მაგრამ უჭირთ გადალახვა სტიგმის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, თითქოს არის თემები, რაზეც არ უნდა ილაპარაკო.
სუბარი ერთ-ერთ ასეთ საკითხად დასავლეთის კრიტიკას ასახელებს: „მონური ფსიქოლოგია ჩამოვიყალიბეთ ჩვენ თვითონ, რომ დასავლეთი არის „წმინდა ძროხა“, რომელიც არ შეიძლება აკრიტიკო, რაც უნდა ხდებოდეს იქ“.
დასავლეთის კრიტიკის გარდა, სუბარი ამბობს, რომ შემდეგი თემა, რომელზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს, არის ის, რომ დასავლური ორგანიზაციები კვლევებს მიზანმიმართულად აყალბებენ.
„NDI ან IRI თუ გაგიყალბებს კვლევებს, არ უნდა თქვა, რომ მან გაგიყალბა. არის ასეთი ფორმულა, რომ ჩვენ მათ ვენდობით, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC, რომელიც ველზე მუშაობს, აყალბებს და არასწორ მონაცემებს აწვდის ჩვენს პარტნიორებს… რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. როგორ შეიძლება, 20-30 წელი 20%-იანი სხვაობა იყოს კვლევას და რეალურ შედეგებს შორის, ამას ვერ ამჩნევდე და ისევ იმავე ორგანიზაციას უკვეთავდე, ვინც ერთხელ ვერ „გაარტყა“ რეალობას?
რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად შეგნებული პოლიტიკა, რომლის მიზანია კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ან კონკრეტული აზრის ფორმირება, უბრალოდ ვერიდებით ამაზე ლაპარაკს. ამაში მეც მიმიძღვის წვლილი, სხვებსაც, თუმცა ჩემზე ვიტყვი, რომ ბევრი წელია, არასდროს მითქვამს, რომ ვიღაც სადღაც ველზე აყალბებს და NDI ან IRI არაფერ შუაშია“, – ამბობს სუბარი.
სუბარის თქმით, დასავლეთში არის „აზრთა ჭიდილი, იდეოლოგიების დაპირისპირება“ და ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინ წამოწეული ულტრალიბერალური იდეოლოგია ბევრ ადამიანს არ მოსწონს. მისივე თქმით, პოლარიზაციის პიკია აშშ-ში, სადაც ჯო ბაიდენი ტრამპის მხარდამჭერებს ფაშისტებს ეძახის.
„იქ ეს პოლიტიკურ ბრძოლად ითვლება, საქართველოში კი არაფრის კრიტიკა არ შეიძლება, რასაც მოგვაწოდებენ, უნდა მივიღოთ უკრიტიკოდ. არ გვაქვს უფლება, საქართველოში ვიღაცა იყოს ულტრალიბერალი, კონსერვატორი, ნაციონალისტი? იდეის დონეზე დასაშვებია“, – ამბობს სუბარი.
„ხალხის ძალის“ ლიდერის განცხადებით, ქართული კულტურა და მსოფლმხედველობა ქრისტიანულ ცივილიზაციაზე დგას, მისთვის „მისაღები და ყველაზე მშობლიური“ იდეოლოგია კი „ჯანსაღი კონსერვატიზმია“.
„იმდენად ხელოვნურად და მართლა ფაშისტური მეთოდებით ხდებოდა დათრგუნვა განსხვავებული აზრისა ულტრალიბერალიზმისგან, მით უფრო წამოვიდა წინააღმდეგობა და მე ვფიქრობ, კიდევ მეტად წამოვა.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა მარტივი რამე თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ სქესი ვიცი ორი – ქალი და კაციო და ამან გამოიწვია საოცარი აღფრთოვანება. კოვიდის დროს ერთ-ერთმა სენატორმა სენატში ლოცვა წარმოთქვა. იქ მიღებულია თურმე, სენატორი თუ ამას იტყვის, ე.ი. მოსულა და კარგი ტონია და საქართველოში მსგავსი რომ დეპუტატს გაეკეთებინა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა თავდასხმები წამოვიდოდა? ბნელი, უვიცი. კოვიდს ლოცვით ებრძვის… ეს უნდა დავამთავროთ. ჩვენი ულტრალიბერალები ყველაზე ულსტრალიბერალები არიან მსოფლიო ულტრალიბერალებს შორისაც კი“, – განაცხადა სუბარმა, რომელმაც გაიხსენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დროს საზოგადოება აღფრთოვანებით იმ ორ საკითხს ხვდებოდა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდა „ულტრალიბერალური რადიკალური ოპოზიცია“ – ოჯახის ქალისა და კაცის ერთობით განმარტებას და მიწების გასხვისების აკრძალვას.
სოზარ სუბარის თქმით, „ხალხის ძალის“ მიზანი საქართველოსთვის ომის აცილების გარდა გრძელვადიანი ხედვაა ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
„სუვერენიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით, აბსოლუტურად სუვერენული სახელწიფო არ არსებობს. როდესაც ვამბობთ, ჩვენი მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას.
განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს სუვერენიტეტის და ეს თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის, ყოველდღე ვხედავთ, ბრიტანეთი სწორედ ამის გამო გავიდა, იქ პოლონეთი, უნგრეთი, უამრავი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს თავისი ეროვნული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.
ამავე დროს, როცა მიდიხარ სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, მაგრამ სამაგიეროდ იღებ დივიდენდებსაც, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს არ არის მხოლოდ საერთო ბაზარი, ეს არის გარკვეული ღირებულებები, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ.“, – ამბობს ის.
სუბარის თქმით, ამ სუვერენიტეტს ბენეფიტების სანაცვლოდ ქვეყნები ნებით თმობენ, მაგრამ სუვერენიტეტზე საუბრისას სხვა სუვერენიტეტია მნიშვნელოვანი, რომელიც, მისი მტკიცებით, მაშინ გვერთმევა, როდესაც რომელიმე ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, „სახელწმიფოს თითი დაუქნიოს“.
სოზარ სუბარმა კვლავ გაიმეორა კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ომში ჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებმაც „ხალხის ძალის“ პოზიციები არ გაიზიარეს.
„როდესაც ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენ გუნდში ამ შემთხვევაში ფართო გუნდს ვგულისხმობ, რომელსაც წარმოვადგენდით ზოგიერთი და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენი ასეთი განცხადებები აზიანებს სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივ ურთიერთობებს, მე ეს მიმაჩნია არასწორ დამოკიდებულებად.
ან უნდა გვითხრან, რომ სიმართლეს არ ვამბობთ და მივუთითებდით იმ წყაროებზე, სადაც შეძლებდნენ, გადაემოწმებინათ 100%-იანი სიმართლე. თუმცა მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ ეს სიმართლეა.
ამ ფონზე ჩვენზე რომ ამბობენ, რომ ვაზიანებთ ორმხრივ ურთიერთობებს, ეს არ არის არასწორი, კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ორმხრივ ურთიერთობას აზიანებს ის, ვინც ომში ჩართვისკენ მოგიწოდებს… რბილად ვამბობ სიტყვა არასწორს და შემდეგ ჯერზე გვარებსაც დავასახელებ და მოვუწოდებ, დაასახელონ, რაში ვტყუით“, – აცხადებს სუბარი.
მისი თქმით, მოძრაობის წევრები თავს იკავებენ და ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს, მაგალითად ხელისუფლების იმ წევრების გამო, რომელთა კაბინეტებშიც ისმოდა ომში ჩართვის მოთხოვნა.
„ხალხის ძალის“ განცხადებები არაერთხელ შეფასდა ანტიდასავლურად და ანტიამერიკულად. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამიჯვნოდა ორმხრივი ურთიერთობისთვის დამაზიანებელ პოზიციებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მათსა და ახალი მოძრაობის წევრებს შორის ღირებულებითი განსხვავება არ არის, ისინი მხოლოდ კომუნიკაციის ფორმაზე ვერ თანხმდებიან. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის პრემიერმა კი მოძრაობის პოზიციები და მათი გამოხატვის ფორმები გააკრიტიკა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელიც „ხალხის ძალის“ ბრალდებების მთავარი სამიზნეა, არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს მოუწოდებია საქართველოს ომში ჩართვისკენ და მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. მისივე თქმით მსგავსი რიტორიკა რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შედეგია.