მარტვილის საკრებულოს წევრი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 ოქტომბერს სამართალდამცავებს ზაალ გოროზიას ცოლმა მიმართა, რის შემდეგადაც პოლიციამ ის სახლში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ „პუბლიკას“ უდასტურებენ დაკავების შესახებ ინფორმაციას. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტიის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს პარლამენტში პარტიის წევრს, ანი წითლიძეს. მისი თქმით, ზაალ გოროზიას დიდი ხანია იცნობს და აქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო გაუგებრობა.
„მაქვს კონკრეტული ინფორაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, უბრალოდ ახლა არ ვისაუბრებ დეტალებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად გაირკვევა. დანარჩენი არის სამართალდამცავების კომპეტენცია.
შემიძლია დავადასტურო პირველწყაროებიდან და მე თვითონაც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს იყო გაუგებრობა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.