უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს სამმა საკრუიზო რაკეტამ მოლდოვის ტერიტორიას გადაუფრინა და უკრაინა დაბომბა. ინფორმაცია მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„სამმა საკრუიზო რაკეტამ, რომელიც დღეს დილით რუსეთმა შავ ზღვაში არსებული გემებიდან გაუშვა უკრაინაში, გადაკვეთა მოლდოვას საჰაერო სივრცე. მე დავიბარე რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის“, – წერს ის.
დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 75 რაკეტა ისროლა, აქედან 41 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.
აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.