ქალი სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე მიუთითებდა, სასამართლომ კი საფრთხეები სათანადოდ ვერ შეაფასა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ თელავში ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ბრალდებულის მიერ გასულ დღეებში ოჯახში ჩადენილი დანაშაულის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. 

როგორც პროკურატურა წერს, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, რომ იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმეზე ის შსს-მ 4 ოქტომბერს დააკავა და პროკურატურამ მას ბრალდება ოხაჯის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლით წაუყენა.

როგორც ბრალდების მხარე ამბობს, უწყებამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, „მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2000 ლარი შეუფარდა”. 

მათივე თქმით, პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.

„ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.