ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა - დევი მეზურნიშვილი

პუბლიკა

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან მოზარდები ამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, 13 ოქტომბერს მომხდარს იხსენებს.

„ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც თვითონ ალბათ ორგანიზმმა, იმ დენის გამო. სამწუხაროა, რომ ის მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტავ, ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველადი დახმარების გაწევა მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე, შემდეგ მათ გააგრძელეს მისი დახმარება და იმ ბავშვებისაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მერე გავიგე, დაიღუპაო. არ ვიცი, მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი…“, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა „ფორმულასთან“.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.