კალაძის გადადგომის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს დილიდან თბილისის მერიასთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„კორუფცია კლავს“, „კორუმპირებული მერი“, „შენი ქალაქი გვკლავს“ – ამ მოწოდებებით აქტივისტები და მოქალაქეები მერიის შენობის წინ 09:00 საათზე შეიკრიბნენ, რათა ქალაქის მერის სამუშაო დღის დაწყებას პროტესტით შეხვედროდნენ.

საპროტესტო აქცია ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო მიმდინარეობს. 13 ოქტომბერს პარკში მდებარე შადრვნიდან დენის დარტყმას მოზარდი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის მერია კორუფციაშია ჩართული, რაც კავშირშია მომხდარ შემთხვევასთან, ამიტომ ქალაქის მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანომ, რომელმაც ჩაიბარა ეს ობიექტი, რომელმაც პოლიტიკური ქულები დაიწერა, რაღაცნაირად იტრაბახა ამ სკვერით და შემდეგ წაშალეს „პოსტები“ და გაქრნენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღეს“, – ამბობს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე.