„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ამიტომ არაა აუცილებელი მისი განცხადებები შეთანხმებული იყოს მთავრობასა და პარლამენტთან. პარლამენტში კი სავიზო რეჟიმის გადახედვა არ განხილულა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი პრეზიდენტის კომენტარს, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი „საკმაოდ ლიბერალურია“ და შესაძლოა, მოგვიწიოს მისი გადახედვა.
„საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც შემოდის ქვეყანაში, განიხილავს კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე იმ საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე, რომლის ხელმომწერიც გახლავთ საქართველო. რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში არ ყოფილა განხილული.
ასევე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შესაბამისად, არ არის საფუძვლიანი ის სულისკვეთება, რომ მისი განცხადებები მაინცდამაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე, დეპუტატის თქმით, რუსეთიდან მობილიზაციას გაქცეულ ადამიანებს იღებს აშშ და გერმანიაც, საქართველო კი უერთდება მისი დასავლელი პარტნიორების პოზიციას.
„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენელთა განცხადებები, სადაც ისინი პირდაპირ საუბრობენ რუსეთიდან მობილიზაციის შემდეგ წამოსულ ადამიანებზე და მათ გამოხატეს თავიანთი სახელმწიფოების პოზიცია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მიიღონ და შეუშვან თავიანთ საზღვრებში.
საქართველოც არ არის გამონაკლისი, საქართველოც არის დასავლური პარტნიორობის ნაწილი და საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს სავიზო საკითხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ამჟამად „საკმაოდ ლიბერალურია“ და შესაძლოა, მისი გადახედვა გახდეს საჭირო.
მგონია, მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და ყველა ზომაა მიღებული.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით, ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.